აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ "თავისუფლების მარშს" მართავენ

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ამ სლოგანით, აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ "თავისუფლების მარშს" მართავენ. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით იმართება. დემონსტრაცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.


აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ და ჯაჭვს შეკრავენ. მათივე თქმით, ეს იქნება “მოქალაქეობრივი ხორუმი.”

მსვლელობის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშა გაშალეს.

აქციის მონაწილეებს თან მოტანილი აქვთ ბანერები შემდეგი წარწერებით; “არ წამართვა მომავალი”, “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”, “რუსული მთავრობაც გვყოფნის”, “ჩრდილოეთიდან ერთადერთი მზე ამოდის!”.

აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება.